დღე #4. წითელი ტუჩსაცხი და ოქროსფერი ბროწეულები
- მაი.კ.
- Nov 15, 2020
- 1 min read
წინა საღამოს წავიკითხე, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე გაიზარდა მოთხოვნა.
"ანალოგიური მდგომარეობა იყო 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ქვეყანაში ბომბები ფეთქდებოდა, ადამიანები წითელ ტუჩსაცხს ყიდულობდნენ", - ეწერა სტატიაში.
ეს ამბავი გულში ჩამრჩა.
ღამით კი, სულ სხვა რამეზე ან არაფერზე ფიქრისას წამით თვალები დავხუჭე და ნახატი დავინახე. უფოთლო ხე იყო, წითელი ბროწეულებით და მე ვიცოდი, რომ ეს წითელი ეს ხე წითელ ტუჩსაცხზე ყვებოდა ამბავს.
როდესაც ნახატის დახატვის დრო მოვიდა, რაღა თქმა უნდა, ამ წამიერი ხილვის ხატვა დავიწყე.
ასე მეგონა მანამდე, ვიდრე ნახატს არ დავხედე.
ფერებიც თვითონ აირჩია და ფორმებიც, რომელიც უფრო მეტად მაგონებს უძველეს სიმბოლოებს, ვიდრე ველოდი.
ნახატი თუ გაჯიუტდა, ვეღარაფერს იზამ, თავისას გაიტანს, - ვთქვი და უფლება მივეცი, ისეთი გარეგნობა აერჩია, როგორიც მოისურვა.
ხატვისას გავიაზრე, რომ ორი ძალიან საინტერესო და მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ქართულისა და ბერძნულის სიმბლოებში და ამბებში დაცურავენ ჩემი სიზმრები და ერთ დღესაც, აუცილებლად უნდა მოვყვე ბროწეულებზე, ამ ძალიან სიმბოლურ და საინტერესო, მითიურ ხილზე.
მანამდე კი, ამ ნახატის სხვა ვერსიებიც დაიხატება.

Comments