top of page

დეჟავუ

მინდოდა, დამეწერა, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე-მეთქი, მაგრამ მიხვდი, რომ სიტყვა "ხშირად" უფრო ზუსტია.

ხშირად მემართება ასე, ვგრძობ, რომ მინდა, რამე დავხატო, მაგრამ მგონია, რომ ხელებს ვერ დავიმორჩილებ. როგორც სიზმარში ხდება ხოლმე.

სიზმარში რომ ყვირილი გინდა და ვერ ყვირი.

ან გაქცევა გინდა და ვერ გარბიხარ.

მაგრა სიზმარში ყვირილის და სირბილის სწავლაც შეიძლება, უბრალოდ, საკმაოდ ბევრჯერ უნდა ასეთი სიზმარი და მთელი მონდომებით შეეცადო...


მგონი, უფრო იმ განცდას ჰგავს, გონება რომ სხეულზე უფრო ადრე იღვიძებს. პარალიზებული რომ ხარ მთლიანად. ვერ მოძრაობ.

ფროიდის "სიზმრის ახსნის" რაღაც ინგლისურენოვანი გამოცემა მქონდა, ყდაზე ახატია მძინარე ადამიანი, რომელსაც გულზე მაჯლაჯუნა აზის (აღარ მახსოვს, ვისი ნახატია. უნდა მოვძებნო).

ჩემს ბავშვობაში ეძახდნენ ასე.


რამდენი მისტიური ამბავი მსმენია მძინარეთა მაჯლაჯუნებზე.

თან ბავშვობაში, ქალაქის პაწაწინა სახლიდან სოფელში ჩასულს, ისედაც რომ უკიდეგანო სივრცე გეჩვენება გარშემო, როგორც კი ბინდი ჩამოწვება.

სახლის ხის კედლებში ათასი ლეგენდა აღწევს.

სახლი ჭრიალებს და ორი იმდენ ამბავს გიყვება ჩურჩულით.

ფანჯრებზე ღამის პეპლები ეხეთქებიან.

ფარვანები ხომ ვერასდროს ხვდებიან, რამდენად ყალბი და ხელოვნურია აივანზე რამით დატოვებული ელექტრო ნათურის სინათლე.

ყანა შრიალებს და მისტიურ ხმებად აღწევს შეშინებული პატარების საძინებელში.

სიზმრის კიდეზე ცეკვავენ და ტრიალებენ ჭინკები, ოჩოკოჩები, ტყის ალები და ტყაშმაფები.


ისევ ჩაგესმის უფროსების მოყოლილი მისტიური და დაუჯერებელი ამბები. რომ ვიღაცამ გაიღვიძა და გულზე მაჯლაჯუნა ეჯდა. უნდოდა, დაეყვირა და ხმა არ ჰქონდა. უნდოდა, ხელი მოექნია და ხელს ვერ წევდა.


და მერე, ერთხელაც შენც იღვიძებ და ვერ ინძრევი, ხმას ვერ იღებ. არც მაჯლაჯუნა ჩანს ჩანს სადმე. უბრალოდ, პარალიზებული ხარ და თუნდაც რამდენიმე წამს გაგრძელდეს, საუკუნედ გეჩვენება...


აი, ასეთი რაღაც მემართება ზოგჯერ, როდესაც ხატვა მინდა.

ხელს ვერ ვძრავ. მგონია, როგორც არ უნდა ვეცადო, არ დამემორჩილება.

ვუყურებ ზოგჯერ ჩემს ნახატებს, უკვე დახატულს, უკვე დიდი ხნის წინ გასხვისებულს და ვფიქრობ, კი მაგრამ, რანაირად?

ეს ან აზრად როგორ მომივიდა? ან როგორ შევძელი და დავხატე?

და შიში კანს ისე მიწვავს, როგორც პატარებს ხის სახლის კედლებში შემოღწეული ღამე.

შიში, რომ ასე ვეღარასოდეს შევძლებ, რომ უბრალოდ, არ გამომივა.


ვათვალიერებდი სულ პირველ ნახატებს და ისე შემიყვარდა. როგორი და რამდენი ემოცია გამახსენდა და ლამის ავტირდი, ისე მომენატრა თითოეული ის ნახატი.

ნეტავ, სად არიან ახლა?


21:38 საათია. საღამო. ქარი თითქოს ჩადგა, შედარებით, მაგრამ სულს მაინც აფორიაქებს.

დილით, ან შეიძლება, წინა დღეს იყო, ან იმის წინ, სადღაც მოვკარი თვალი სტატიის სათაურს დეჟავუზე და იქვე შავი კატაც ერია.

რატომრაც მგონია, რომ ეს ემოცია, რაც აქ დავწერე, დეჟავუსთან და შავ კატასთან უნდა იყოს გადაკვეთილი.

ალბათ, დავხატავ.

თითქოს ვხედავ კიდეც. მაგრამ იმდენად კონკრეტულია, მაშინებს, რომ არ გამომივა.

ცოტაც მჭირდება, ძალის მოკრება, რომ ფუნჯი ავიღო ხელში და დანარჩენი მერე უკვე თავისით ხდება.

 
 
 

Comments


Single post: Blog_Single_Post_Widget

Address

Tbilisi, Georgia

Contact

Follow

  • Instagram
  • Facebook

©2017 by Mono Dizain. Proudly created with Wix.com

bottom of page